პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია ”საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები”

პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია ”საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები”

2017 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა (GCSD) გამართა პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია თემაზე:
”საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები”

პუბლიკაციაში წარმოდგენილია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ძირითადი ეტაპები, მთავარი მიღწევები და არსებული გამოწვევები.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან ერთად ნაშრომში განხილულია  ევროკავშირში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების პროცესიც.  ამ მიზნით ნაშრომი ასევე გვთავაზობს ევროკავშირის გაფართოების მეხუთე ტალღის მონაწილე ქვეყნების მიერ განვლილი გზისა და დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეტალურ  ანალიზს.

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, თავისი არსით, უახლოვდება ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ განვლილი გზის, რეფორმებისა და ტრანსფორმაციის დინამიკას, თუმცა საქართველოსთვის სრული ინსტიტუციური ინტეგრაციის შესაძლებლობა და გაწევრიანება ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

დოკუმენტი წარმოადგენს მცდელობას, რომ ევროკავშირთან საქართველოს მიმდინარე ინტეგრაციის ფონზე დაისახოს ის ძირითადი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც უფრო რეალურს გახდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. ნაშრომი ამ თვალსაზრისით იძლევა პრაქტიკულ რეკომენდაციებს, როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების განვითარების, ასევე ქვეყნის საგარეო და შიდაპოლიტიკური ამოცანების დასახვისა და გადაწყვეტის მიმართულებით.

დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.

პროექტი განხორციელდა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით.

საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები

ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები