სიახლე

დასავლეთი – საქართველოს ისტორიული არჩევანი!

ლევან დოლიძის ინტერვიუ Georgian Review – სთან

– ბატონო ლევან, დღემდეა აზრთა სხვადასხვაობა უელსში მიღებულ გადაწყვეტულებებთან დაკავშირებით.   რას წარმოადგენს “არსებითი პაკეტი” რეალურად  და რამდენად დავუახლოვდით ალიანსს უელსში?


– ვიდრე პაკეტზე მოგახსნებდეთ, პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმ პოლიტურ გზავნილებს, რომლებიც ქვეყანამ,ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, სამიტის დეკლარაციით მიიღო. კომუნიკეში აღინიშნა, რომ საქართველოს ურთიერთობა NATO – სთან შეიცავს საჭირო ინსტრუმენტებს, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა საბოლოო წევრობისკენ. ეს ფორმულირება მიანიშნებს, საქართველომ გაწევრიანებას  შესაძლოა სხვა დამატებითი მექანიზმების გარეშე მიაღწიოს. მერწმუნეთ, ამგვარი ჩანაწერები სამიტების დეკლარაციებში შემთხვევით არ ხვდება. ბუნებრივია, ახლა მნიშვნელოვანია ამ აღქმის კიდევ უფრო გაძლიერება და NATO – თან ურთიერთობებში არა პროცედურებსა და ინსტრუმენტებზე, არამედ უშუალოდ გაწევრიანებასთან დაკავშირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ფოკუსირება. ამ თვალსაზრისით, ასევე საგულისხმოა, რომ NATO -საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტიც სწორედ გაწევრიანების კონტექსტშია მოქცეული და, დეკლარაციის თანახმად, მის ძირითად მიზანს საქართველოს NATO -ში გაწევრიანების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ამასთან, უელსის სამიტზე აღინიშნა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და იგი დაუახლოვდა NATO -ს. მინდა ასევე ხაზი გავუსვა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის სტატუსის ფორმალიზების მნიშვნელობასაც.  უელსის სამიტზე საქართველოს არა მხოლოდ პარტნიორად, აგრეთვე, ასპირანტ ქვეყანად მოხსენიება ამყარებს ჩვენი, როგორც წევრობის კანდიდატი ქვეყნის პოზიციებს NATO -ში და ხელს შეგვიწყობს,  კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტიანად დავაყენოთ საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები ალიანსის წინაშე. რაც შეეხება პაკეტის შინაარსობრივ მხარეს, მოგეხსენებათ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოში NATO -საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაფუძნება. ბუნებრივია, ამ ცენტრს აქვს უაღრესად დიდი, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და მისი უსაფრთხოებისათვის. სხვა ღირებულ ელემენტებს შორის, პაკეტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში NATO -ს პერიოდული წვრთნების ჩატარებას, საქართველოში  NATO -ს წევრი ქვეყნების სამხედრო ექსპერტების წარგზავნას, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაში.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორიც NATO -ს ერთ-ერთ ყველაზე თავსებადი პარტნიორი, შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად, მოხვდა გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორების ჯგუფში. ეს ფორმატი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთოს ალიანსის სტრატეგიულ დისკუსიებში და კიდევ უფრო აამაღლოს პრაქტიკული თანამშრომლობის ხარისხი. საგულისხმოა, რომ ამ ჯგუფში ქვეყნის მიწვევის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია სახელმწიფოს მზაობა და შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც აგრეთვე, გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმიციაა. შესაბამისად, საქართველოს ამ ჯგუფში მიწვევა, ჩვენი მისწრაფებებიდან გამომდინარე, ინტეგრაციის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ადასტურებს საქართველოს გაწევრიანების მექანიზმების ეფექტიანობას.

– არის თუ არა უელსში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის იმპლემენტაცის ახალი პაკეტის მიცემასთან დაკავშირებით მაქსიმუმი?.. ხომ არ იყო შესაძლებელი მეტის მიღწევა?

– რა გადაწყვეტილებაც უნდა მიეღოთ უელსის სამიტზე, რა თქმა უნდა, საქართველოს ალიანსში მიწვევის გარდა, ნებისმიერ შეთხვევაში, მექნებოდა კიდევ უფრო მეტის მიღწევის სურვილი. თუმცა, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ იყო NATO-ს გაფართოების სამიტი. შესაბამისად, იმ გადაწყვეტილებების ფარგლებში, რომელიც ალიანსმა ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით მიიღო, საქართველოს მიერ ამ სამიტზე მიღწეულ შედეგებს შევაფასებდი, როგორც ერთმნიშვნელოვნად წარმატებულს. უელსში აღიარეს საქართველოს შეიარაღებული ძალების NATO -სთან თავსებადობის მაღალი დონე, საქართველომ ასევე მიაღწია NATO-სთან პრაქტიკული და ინსტიტუციური თანამშრომლობის უპრეცედენტოდ მაღალ საფეხურს, მივიღეთ ჩვენი უსაფრთხოებისა და NATO-ში გაწევრიანებისათვის საჭირო კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტი და, რაც მთავარია, ქვეყანამ ასევე მიიღო  არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით.

 – ბოლო პერიოდში ბევრი კითხვა გაჩნდა საქართველოს დასავლურ კურსთან დაკავშირებით. მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს კურსი უცვლელია. თუმცა ამის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის მხრივ დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ურთიერთობის დათბობასა და დალაგებას. რას ამბობენ ბრიუსელში? მათაც თუ აქვთ კითხვები და ხომ არ გაჩნდა გარკვული სკეპტიკური დამოკიდებულება ჩვენი ალიანსში ინტეგრაცის გზასთან დაკავშირებით?

 – დასავლურ ინსტიტუციებთან საქართველოს ინტეგრაცია ბუნებრივი და შეუქცევადი პროცესია, რომელსაც პირველ რიგში,  ჩვენი ისტორიული არჩევანი და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისაკენ სწრაფვა განაპირობებს. ამას, აგრეთვე, თვალნათლივ ადასტურებს უახლესი ისტორიის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ არაერთხელ, სხვადასხვა ფორმით,მათ შორის არჩევნებით გამოხატული პოზიციებიც. შესაბამისად, ქართველი ამომრჩევლის აღქმაში, როგორც მოქმედი, ისე წინა მთავრობების ხელისუფლებაში ყოფნა დიდწილად სწორედ ამ პოზიციებისადმი ერთგულებას ეფუძნება. ამასთან, როგორც  NATO-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, შემიძლია გითხრათ, რომ ალიანსში საქმიანობის უკლებლივ ყველა ეტაპზე, ბოლო დღემდე, ვმოქმედებდი საქართველოს ხელისუფლების მიერ განსაზღვრული იმ პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც NATO-ში ინტეგრაციაზეა ორიენტირებული.

ამავდროულად, ვთვლი, რომ ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, რათა ქვეყნის შიგნით განვითარებულმა პროცესებმა არ შეანელოს ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების ტემპი. ჩვენ საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე ვდგევართ და არ გვაქვს ისეთი შეცდომების დაშვების უფლება, რამაც შესაძლოა, დააზიანოს ქვეყნის ინტერესები, მათ შორის,შეაფერხოს ჩვენი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების აღსრულების პროცესი. ამდენად, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საკმაოდ ნორმალურად, მეტიც, საჭიროდაც კი მიმაჩნია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების ამ რაკურსში დანახვა და გაანალიზება.

რაც შეეხება რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებს, არ ვფიქრობ, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენისაკენ მიმართული ნაბიჯები დასავლეთში გააჩენს კითხვებს ჩვენს საგარეო პოლიტიურ კურსთან დაკავშირებით. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების საერთო ამოცანას წარმოადგენს, თუმცა, სამწუხაროდ, სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში ამ მხრივ არც თუ ისე ოპტიმისტური სურათი იკვეთება. ამ შემთხვევაში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თავად ჩვენ გვქონდეს სწორი მოლოდინები ჩვენი ნაბიჯების საპასუხოდ, რუსეთის მხრიდან შემხვედრ ქმედებებთან დაკავშირებით. აგრეთვე, აუცილებლად მიმაჩნია, რომ რუსეთის მიმართ გადადგმული ყველა კონკრეტული ნაბიჯი, არა მხოლოდ ერთ, თუნდაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პრიზმაში იქნეს განხილული, არამედ უფრო ფართო კონტექსტის ანალიზის შედეგს წარმოადგენდეს.

– ქმნის თუ არა ერთერთ მთავარ დაბრკოლებას რუსეთის მიერ უკვე ფაქტობრივად ანექსირებული საქართველოს ტერიტორიები? სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანა ალიანსში ვერ გაწევრიანდება მანამ სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.

– მინდა სკეპტიკოსებს შევახსენო, რომ როდესაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა NATO -ში გაწევრიანდა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის ჯარები იდგა. ბევრი შეიძლება ვიდავოთ საქართველოსა და გერმანიის საკითხებს შორის არსებულ განსახვავებებსა და მსგავსებებზეც, თუმცა ისტორიაში არსებული ამ და სხვა პრეცედენტებიდან გამომდინარე,  საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ერთმნიშველოვნად დამაბრკოლებელ ფაქტორად ოკუპირებული ტერიტორიების მოაზრება, მართებულად არ მიმაჩნია.

ამ კუთხით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს დღის წესრიგში არ დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი მეთოდებით აღდგენის საკითხი. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ აიღო ამ მიზნით ძალის არ-გამოყენების ცალხმრივი ვალდებულება, რაც ასევე დაადასტურა მოქმედმა ხელისუფლებამაც. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის გამთლიანების ერთადერთ უალტერნივო გზად მხოლოდ შერიგებისა და პოლიტიკური დიალოგის განსაზღვრა საყოველთაო და ურყევი შეთანხმების საგანს წარმოადგენს.

ამავე დროს, ცხადია, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი რეალობების გამო, ალიანსის ფუძემდებლური პრინციპების, მათ შორის, ღია კარის პოლიტიკის გადახედვა ვერ უზრუნველყოფს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებას.  ეს იქნება უაღრესად არასწორი გზავნილი მთელი რეგიონის, მათ შორის, თავად რუსეთის მიმართაც. საკითხის ამგვარად დაყენების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არა მხოლოდ საქართველოს გაწევრიანების  საკითხი, არამედ არჩევანი გაკეთდება გამყოფი ხაზებისაგან თავისუფალ სამყაროსა და გავლენის სფეროებს შორის. ამას დასავლეთში საკმაოდ კარგად აცნობიერებენ. სწორედ აქედან გამომდინარე აღნიშნავენ მოკავშირეები, რომ არავის აქვს ვეტო ალიანსის გადაწყვეტილებებზე…  და სწორედ ამიტომ განაცხადა NATO -მ უელსის სამიტის დეკლარაციითაც, რომ ალიანსი მხარს უჭერს პარტნიორების უფლებას, დამუკიდებლად და სუვერენულად, გარე ზეწოლისა და იძულების გარეშე განსაზღვრონ თავიანთი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

 ისევე როგორც წინა სამიტებზე, უელსში მიღებულ დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა საქართელოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ალიანსის წევრი სახელმწიფოები კრემლს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ უკან წაიღოს აღიარება და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. რამდენად არის ეს საკმარისი იმისათვის, რომ მოსკოვმა პოლიტიკა შეცვალოს?.. ამავე კონტექსტშია უკრაინაც –  დასავლეთს  მკაცრად აკრიტიკებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. იმასაც ამბობენ, რომ ალიანსი დღეს დასუსტებულია და არც ისეთი გამბედავი როგორიც ადრე.  რამდენად არის მზად ალიანსი იმისთვის რომ მოსკოვის ამ მცდელობებს დაუპირისპირდეს? 

– თუ რუსეთის ნაბიჯებს დავაკვირდებით, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე იმოქმედებს და გაითვალისწინებს ამ მოწოდებებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და მისი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ეს თემები ყოველთვის სათანადოდ აისახოს შესაბამის დოკუმენტებში.

სამსჯელოა, რამდენად საკმარისია ამგვარი სანქციები, თუმცა,  ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს უწევს გარკვეული საფასურის გადახდა უკრაინის მიმართ აგრესიის გამო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა ახლა გამოავლინოს პრინციპული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ და ვიდრე არ იქნება მიღწეული ხელშესახები პროგრესი ვითარების დეესკალაციის მხრივ, უზრუნველყოს მათი მდგრადობა. ასევე, შეძლოს მაქსიმალური ერთიანობის დემონსტრირება რუსეთის მიმართ შემუშავებული გზავნილების, მათ შორის, გაფრთხილებების ირგვლივ და მოახდინოს მათი დაკავშირება არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც.

ზოგადად, ამ კრიზისს ვუწოდებდი არა უკრაინის, არამედ რუსეთის კრიზისს, ვინაიდან ცხადია, რომ კრიზისის საფუძველს წარმოადგენს რუსეთის მცდელობა, რეგიონში აღადგინოს და რიგ შემთხვევებში შეინარჩუნოს თავისი გავლენის სფეროები. უკრაინის ევროპული არჩევანი რუსეთისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, თუმცა მაინც იმ პროცესის ნაწილია, რომელიც სხვა ელემენტებისგანაც შედგება.

– საქართველო იყო და არის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ საკმაოდ დიდი მსხვერპლიც გავიღეთ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ახალ ავღანურ მისიაშიც საქართველო ერთ-ერთი მთავარი როლს შეასრულებს. გარდა ამისა, საქართველო უკვე ევროკავშირის მისიაშიც მონაწილეობს.  კიდევ რა შეიძლება შევთავაზოთ დასავლეთს იმისათვის, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება  ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

– მართლაც განსაკუთრებული წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კონტრიბუცია გამოირჩევა არა მხოლოდ მისი მასშტაბებით, არამედ ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმითა და განსაკუთრებული თავდადებით დაკისრებული ამოცანების მიმართ. მათ დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს შეიარაღებული ძალების NATO-სთან თავსებადობის ამაღლებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ NATO -ს სხვადასხვა ფორმატების ფარგლებში, მათ შორის, უელსის სამიტზე,  ჩვენ რჩევებთან და მოწოდებებთან ერთად საკმაოდ მაღალი შეფასებები მივიღეთ საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ და ინსტიტუციურ რეფორმებებთან დაკავშირებით, რაც, ბუნებრივია, დიდწილად განაპირობებს ჩვენს წარმატებებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

რაც შეეხება კითხვას, თუ როდის გავწევრიანდებით, არ მიმაჩნია მართებულად კონკრეტულ ვადებზე საუბარი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებში არ გაჩნდეს ცრუ მოლოდინები უმოკლეს ვადებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამას ხშირად იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე, რაც ბუნებრიავია, უარყოფითად აისახება შესაბამის პროცესზე.

ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტემპი, მეტად გავაძლიეროთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა, რაციონალური ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე და მომზადებული შევხდეთ იმ ე.წ. „შესაძლებლობის ფანჯრის“ გაღებას, როდესაც გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის საშუალება მოგვეცემა.

– არის თუ არა დღეს საქართველოსთვის გადამწყვეტი პერიოდი?

– საკმაოდ რთული უსაფთხოების გარემოა უშუალოდ ჩვენს რეგიონში და აშკარაა, რომ რუსეთმა ბოლო პერიოდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად,  კიდევ უფრო გააქტიურა ე.წ. რბილი ძალის გამოყენება საქართველოს მიმართ.

არ მიმაჩნია სწორად პანიკური განწყობების შექმნა, თუმცა ვფიქრობ, დღეს ნამდვილად ვართ იმ ეტაპზე, როდესაც განასკუთრებით გვჭირდება არსებული ვითარების მართებულად გააზრება, ქვეყნისათვის სასიცოცხლო ინტერესების გარშემო მაქსიმალურად კონსოლიდაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული და ეფექტიანი მოქმედებები. ამასთან, ჩვენ ყოველგვარი ემოციების გარეშე უნდა შევძლოთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება, კანონის უზენაესობის პრინციპების განმტკიცება და მიღწეულ პროგრესზე შენება. ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი რეფორმებით სვლის პარალელურად, ჩვენ უნდა გავაჩინოთ ევროპული ელემენტები ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორს, აგრეთვე, პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობებში უნდა გამოიხატებოდეს. ქვეყანამ უნდა იაროს მხოლოდ წინ და აღარასოდეს არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, რაც არ უნდა ახლოს იყოს იგი!

წყარო: ლინკი