დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდია
„საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი” (GCSD) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.
დავით ჭოჭუა გახლდათ საქართველოში ტერორიზმის აკადემიური შესწავლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისმა წვლილმა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში შესაძლებელი გახადა საქართველოში ტერორიზმის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვან საფეხურზე აეყვანა.
სტიპენდიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა მკვლევარებსა და სტუდენტებს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.
ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა
სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს და იყოფა ორ ეტაპად. პირველი თვის განმავლობაში სტუდენტი კვლევაზე იმუშავებს GCSD-ის “ტერორიზმის კვლევის ცენტრში” (TRC) , ხოლო მეორე თვეს მას საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია
ჩვენ მივესალმებით აპლიკანტებს სოციალური და
პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებს. ასევე, ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 26 წელს. პრიორიტეტი მიენიჭება აპლიკანტებს, რომელთაც აქამდე არ ჰქონდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი, სამოტივაციო წერილი და თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 3 გვერდი) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: fellowship.gcsd@gmail.com. აპლიკაციები მიიღება 15 ივლისამდე.
სტიპენდიანტს, კვლევისა და პრაქტიკის დასრულების შემდეგ გადაეცემა სერტიფიკატი და 800 ლარის ოდენობის ჰონორარი.
სარეკომენდაციო საკვლევი საკითხები
GCSD სტიპენდიის მიღების მსურველ პირებს სთავაზობს შემდეგ საკვლევ თემებს:
- პოლიტიკური კონფლიქტებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის დინამიკა ახლო აღმოსავლეთში. 2014-2017 წლები;
- საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალური ტერორიზმთან გამკლავების მიმართულებით-გამოწვევები და შესაძლებლობები;
- საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტების ისტორიული შესწავლა და ანალიზი;
- საქართველოს წინაშე არსებული კიბერუსაფრთხოებისა და შესაძლო კიბერტერორიზმის რისკების შეფასება;
დამატებით, აპლიკანტი თავისუფალია წარმოადგინოს მისთვის საინტერესო და რელევანტური საკვლევი საკითხები.
გისურვებთ წარმატებას!