სიახლე

ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმის (საბჭო)  რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. საბჭო, პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში გასულ წელს შეიქმნა, რომელსაც GCSD, 2020 წლის მარტიდან, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.  შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პროგრამის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შედაძლებლობების გაძლიერება“ - 2021 წლის ანგარიში და შემდგომი ნაბიჯები, საერთაშორისო ტერორიზმი და საქართველოს კონტრტერორუსტული ძალისხმევა, საქართველოში გაცრცელებული ძალადობრივი ექსტრემისტული ნარატივების შესახებ არსებული კვლევა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისთვის განათლების სექტორის საჭიროებები.

ღონისძიებაზე, კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო ტერორიზმი, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული კონტრტერორისტული ღონისძიებები მიმოიხილა. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ-ექსტრემისტულ საფრთხეებზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და კონტრტერორისტული ძალისხმევის გაძლიერებაზე.

საქართველოში გავრცელებული ძალდობრივი ექსტრემისტული ნარატივების კვლევის ანგარიშის შესახებ მოხსენების განმავლობაში, განხილულ  იქნა ჯიჰადისტური ნარატივის შინაარსობრივი და ენობრივი მახასიათებლები, ქართულ კონტექსტზე მორგებული ძალადობრივი ექსტრემისტული ნარატივის განმარტება, ულტრამემარჯვენე ნარატივის შინაარსობრივი კონფიგურაცია, საქართველოს როლი საერთაშორისო ასპარეზზე, ჯიჰადისტური ნარატივის გავრცელებისთვის გამოყენებული პლატფორმები, ხელისშემშლელი ფაქტორები და სამიზნე აუდიტორია საქართველოში. 

განათლების სფეროში რადიკალიზმის წინააღმდეგ არსებული გამოწვევების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ზოგადი განათლების მიზნებზე, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მნიშვნელობასა და სკოლების მზაობაზე, სკოლისა და მასწავლებლის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

საბჭო, წელიწადში ორჯერ იკრიბება და მისი მიზანია, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში, ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, დაგროვილი ცოდნის და პრაქტიკის გაზიარება, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს შორის კოორდინაციის მხარდაჭერა და ამ გზით ეფექტიანი პოლიტიკის ხელშეწყობა.