GCSD-მ პროექტის „რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია და დისკუსია გამართა
2019 წლის 24 მაისს საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) დისკუსია და ანგარიშის პრეზენტაცია გამართა თემაზე: „ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერების ინიციატივა საქართველოში“. შეხვედრა პროექტის „რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
მისასალმებელი სიტყვით და მოკლე მოხსენებებით შეხვედრა გახსნეს GCSD–ის დირექტორმა გიორგი გოგუაძემ და PH International-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა.
შეხვედრის მეორე პანელზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა ნატა ძველიშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფრუმის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკა ბიბილეიშვილმა და GCSD-ის ტერორიზმის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ თოხაძემ მედიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოები წარადგინეს, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში GCSD–მ გასცა მცირე გრანტები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სამიზნე რეგიონებში, რომლებმაც შეიმუშავეს და განახორციელეს აქტივობები რადიკალიზმის პრევენციის მიმართულებით. სწორედ ადგილობრივი საზოგადოების თანამონაწილეობაზე და მის გაძლიერებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე პროექტის სამიზნე რეგიონების (აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და კახეთი) წარმომადგენლებმა მანონ ბოკუჩავამ, ლუიზა მუთოშვილმა, რამზან გორგიშვილმა, იზა ბექაურმა, ილია გუჩმანიძემ, თამარ ღლონტმა და დავით ანანიძემ ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
პროექტი 2018 წლის აგვისტოდან ორგანიზაცია Project Harmony Inc.-ის მხარდაჭერითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში GCSD-ის მიზანია წვლილი შეიტანოს საქართველოს რეგიონებში (აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და კახეთი) მცხოვრები საზოგადოების მედეგობის (resilience) გაზრდაში, ასევე სოციალური დიალოგის, კრიტიკული აზროვნებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაში.