GCSD-მ შსს-ს აკადემიას სასწავლო მოდულები გადასცა
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის შესახებ სასწავლო მოდულები და შესაბამისი ტესტები გადასცა.
ამის შესახებ შეხვედრა შსს აკადემიაში გაიმართა. GCSD-ის დირექტორმა, მარიამ თოხაძემ და შსს-ს აკადემიის პრორექტორმა თეიმურაზ მაღრაძემ, ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით სამართალდამცავი პირების კვალიფიკაციის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრეს.
სასწავლო მოდულების შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოების საჭიროებები და შესაბამისად, ყველა მოდული აღნიშნული მიმართულების სპეციფიკაციებს იზიარებს. ონლაინ კურსი მოიცავს ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის შესახებ ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორებიცაა: რადიკალიზაციის მამოძრავებელი ფაქტორები, სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების როლი ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციაში და ახალგაზრდების ჩართულობა რადიკალიზაციის პროცესებში.
მოდულები შსს-ს აკადემიისთვის GCSD-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დოქტორმა ედვარდ დენმარკმა შექმნა. დოქტორი დენმარკი ჰარვარდის პოლიციის უფროსია, მასაჩუსეტსის შტატში, აშშ. მისი პოლიციაში მუშაობის 29 წლიანი გამოცდილება მოიცავს ინსტრუქტორის, ტრენერის და სამართლებრივ საკითხებზე კონსულტანტის პოზიციებს, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე. გარდა საპოლიციო საქმიანობისა, ედვარდი კითხულობს ლექციებს სამართლიან და მიუკერძოებელ საპოლიციო მუშაობაზე, საპროცესო სამართალსა და დეესკალაციის ტექნიკებზე. ის არის ასოცირებული პროფესორი ფიჩბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლარკის უნივერსიტეტში, რომლებშიც ედვარდი უკითხავს ლექციებს მაგისტრის სტუდენტებს კრიმინალურ სამართალსა და საჯარო ადმინისტრირებაზე.
მოდულები შეიქმნა პროგრამის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელსაც GCSD, 2020 წლის მარტიდან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.