გოგიტა ღვედაშვილი: “მნიშვნელოვანი იქნება დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება”
8 მარტს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” სტუმარი იყო გოგიტა ღვედაშვილი, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) ევროკავშირის პროგრამების დირექტორი. ის ხაზს უსვამს, რომ დღეს არ დგას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, თუმცა, მნიშვნელოვანია ზრუნვა თავშესაფრის მთხოვნელთა და ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა არალეგალურად დარჩენილთა რიცხვის შესამცირებლად. გოგიტა ღვედაშვილი რეგულაციების შესრულების მიღმა საუბრობს პოზიტიურ გზაზე – თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების მთავრობებთან ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში იზრუნოს საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მექანიზმების შექმნაზე, რისი პოზიტიური მაგალითიც უკვე არის პოლონეთთან თანამშრომლობა. ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ შედეგის მისაღებად დიდი დრო იქნება საჭირო. მყისიერ ღონისძიებად კი გოგიტა ღვედაშვილი ხედავს ევროკავშირის თითოეული წევრის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის მუშაობის გაგრძელებას, რადგან ამით შემცირდება საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის ვადები.