სიახლე

კონფერენცია ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმზე

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის თემებზე კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: ალი რაშიდ ალ ნუაიმი, ჰედაიას ფონდის ხელმძღვანელი, რომელმაც ისლამისტური ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. მან, ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით, გაერთიანებული სამეფოს მიღებულ გაკვეთილებზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციის მეორე ნახევარში, ნორვეგიის ექსტრემიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ტორე ბიორგომ ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმიდან მომდინარე ძალადობა და ტერორიზმის კონცეფციები, ფორმები და პრევენციასთან დაკავშირებული გამოწვევები მიმოიხილა. თამთა გელაშვილმა, ნორვეგიის საგარეო საკითხთა კვლევის ინსტიტუტის მკვლევარმა, საქართველოში ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის საკითხები განიხილა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა და სუიციდური ტერორიზმის შესწავლის ფუძემდებელმა რობერტ პეიპმა კი, 9/11-ის შემდეგ ისლამისტური ტერორიზმის შეცვლილი იერსახის შესახებ ისაუბრა.

კონფერენციაში მონაწილეობნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის აპარატის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის და პარლამენტის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები. ასევე, კონფერენციას ესწრებოდა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი მარკო სოლდიკი.

კონფერენციის მოდერირებას ახორციელებდა მარიამ თოხაძე, GCSD-ის დირექტორი.

მომხსენებლების პრეზენტაციების დასრულების შემდეგ დრო დისკუსიას დაერთმო, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ სასურველ შეკითხვებზე კვალიფიციური პასუხები მიეღოთ.

კონფერენცია ჩატარდა პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება”, რომელსაც GCSD, 2020 წლის მარტიდან, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.