სიახლე

პანკისის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობის გაზრდა - მეორე ფაზა

 

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა (GCSD), USAID პანკისის სათემო კავშირებთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი - “პანკისის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობის გაზრდა - მეორე ფაზა”. პროექტის მიზანი იყო, გაეძლიერებინა პანკისში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რაც გულისხმობდა მათი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების განვითარებას.

 

პროექტის ფარგლებში, პროექტების მართვის საკითხებში დაჩქარებული პრაქტიკული კურსი ჩატარდა პანკისში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. შერჩეულმა 18-მა მონაწილემ შეისწავლა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პროექტის წერა, ორგანიზაციული მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფონდების მოძიება, კომუნიკაცია, ადვოკატირება. პრაქტიკული კურსის შემდგომ, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, შესაბამის ექსპრეტებთან   გაევლოთ ინდივიდუალური თემატური კონსულტაციები ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევებისა და საქმიანობის შესახებ.

 

GCSD–მ  ორგანიზაციების სამუშაო პროფილებზე დაფუძნებით, ორგანიზება გაუწია სამ თემატურ მასტერკლასს. მასტერკლასები ითვალისწინებდა მათ კონკრეტულ ორგანიზაციულ საჭიროებებს და მონაწილე ორგანიზაციების შესაძლებლობების შემდგომ გაღრმავებას. მასტერკლასებს გაუძღვნენ დარგის წამყვანი ექსპერტები.  პანკისში მოქმედი ორგანიზაციების პროფილების გათვალისწინებით, მასტერკლასებმა მოიცვა შემდეგი თემები: ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში, რეგიონული განვითარების შესაძლებლობები, ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორი.

 

პროექტის შედეგად, მასში მონაწილე პირებმა მიიღეს ის ძირითადი უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ მათ ორგანიზაციული განვითარებისთვის. მონაწილეთა უმეტესობა მიიღო ინფორმაცია და მოისმინა პროექტის განვითარების ციკლის ეფექტურად წარმართვის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და მენეჯმენტის ხარვეზების შეფასების და გაუმჯობესების, საზოგადოებასთან, პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან წარმატებული კომუნიკაციის წარმოების პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.