პროექტი - Vaccination4Georgia
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), ახალი პროექტი - Vaccination4Georgia დაიწყო.
პროექტი ორიენტირებულია, რომ გაზარდოს ხელმისაწვდომობა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სწორ ინფორმაციაზე და ხელი შეუწყოს მოსახლეობის სკეპტიკური განწყობების შეცვლას, მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად. ასევე, პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ინფოდემიასა და დეზინფორმაციასთან გამკლავება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის მედეგობის ამაღლებას და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, გაცნობიერებული და ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის და მათი უშუალო ჩართულობის გზით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, მათ შორის: ადგილობრივი მოსახლეობის განწყობების იდენტიფიცირების მიზნით, რეპრეზენტატული რაოდენობრივი კვლევის ჩატარება, მთავარი აქტორებისა და დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ორგანიზება, მრავალმხრივი მედია–კამპანიის ჩატარება, კარდაკარის პრინციპით ადგილობრივ სოფლებსა და თემებში საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა და სხვა.
პროექტი განხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია. ეს რეგიონებია: კახეთი, ქვემო ქართლი და სამცხე–ჯავახეთი. პროექტის ფარგლებში მომზადებული უკლებლივ ყველა საკომუნიკაციო მასალა ხელმისაწვდომი იქნება ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) GCSD-თან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.