სიმულაციური სწავლება ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების და მისი პრევენციის შესახებ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების და მისი პრევენციის შესახებ, სიმულაციური სწავლება ჩატარდა.
სწავლებაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შემავალი თემატური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კომისიის წევრებისთვის ტრენინგების სერია GCSD-მ გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო, რომელიც, რიგით მეხუთე, შემაჯამებელი, სიმულაციური სწავლებით დასრულდა.
სწავლებისას ყურადღება დაეთმო ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, ასევე მთავრობის ერთიანი რეაგირებას, პრევენციას, ინფორმაციულ მენეჯმენტს, სტრატეგიულ კომუნიკაციებს, სტიგმის შემცირებასა და კონფლიქტის ზონიდან დაბრუნებულთათვის რეინტეგრაციის სტრატეგიას. ტრენინგის შედეგად, მონაწილეებმა უფრო ნათლად დაინახეს თავიანთი სამსახურების როლი ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მასთან გამკლავების პროცესში.
სწავლების მიზანი ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციასთან დაკავშირებით ოპერაციული კოორდინაციის, სიტუაციური ინფორმაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების შეფასება-შესწავლა იყო.
სწავლების მონაწილეები, სამი დღის განმავლობაში ასრულებდნენ სიმულაციურ სავარჯიშოებს, რომლებიც Swordfish Consulting International-ის მთავარმა კონსულტანტმა უილიამ ბ. ფარელმა შეიმუშავა.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
სწავლება ჩატარდა პროგრამის - “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” - ფარგლებში, რომელიც GCSD-ის მიერ, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.