ტენდერები

საგრანტო კონკურსი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს კორონავირუსთან (COVID 19) გამკლავების პროცესში ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებისა და სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, მიმდინარე ეტაპზე რეგულაციების მოხსნისა და აქტიური ტურისტული სეზონის პარალელურად ვაკვირდებით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ტენდენციას. ამის საპასუხოდ, პროგრამა მიზნად ისახავს ყურადღება გამახვილდეს პრევენციულ მექანიზმებზე და მხარი დაუჭიროს ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულის ზრდას რათა თავიდან ავირიდოთ შემდგომი ეპიდემიოლოგიური რისკები.

საგრანტო კონკურსის სამიზნე აუდიტორია

საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონებია:

  • სამცხე-ჯავახეთი;
  • ქვემო ქართლი;
  • კახეთი.

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ:

  • 55-65+ წლის ასაკობრივ ჯგუფზე;
  • სოფლად და შორეულ თემებში/რეგიონებში მცხოვრები ადამიანები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე;
  • ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე;
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებზე, ქალაქებსა და სოფლებზე.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებიც მუშაობენ კონკურსით განსაზღვრულ სამიზნე რეგიონებში. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს. ორგანიზაციებს არ ეზღუდებათ განახორციელონ ერთობლივი პროექტები კერძო, კომერციულ კომპანიებთან პარტნიორობით.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტ(ებ)ი, რომელიც:

  • პასუხობს კონკურსის მთავარ მიზანსა და ამოცანას;
  • ნათლად და ზუსტად აჩვენებს სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობის მეთოდოლოგიას;
  • ნათლად და ზუსტად განსაზღვრავს პროექტის აქტივობების შედეგად დაფარული აუდიტორიის რაოდენობრივ მონაცემებს;
  • აჩვენებს მოკლე ვადაში აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილებას.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს შემდეგი ტიპის აქტივობები (სია არასრულია):

  • სამიზნე აუდიტორიასთან პირისპირ შეხვედრები;
  • საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თემის ლიდერებისა და ინტერეს-ჯგუფების მონაწილეობით;
  • სამედიცინო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებული საინფორმაციო შეხვედრები;
  • ფართო აუდიტორიაზე გათვლილი ღონისძიებები (საკომუნიკაციო გეგმის თანხლებით);
  • ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები, შეხვედრები, ტრენინგები;
  • სოციალური მედიის გამოყენებით სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაცია;
  • თანამშრომლობითი ღონისძიებები ადგილობრივ მედიასთან;
  • თანამშრომლობითი ღონისძიებები ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

**პროექტის შეფასებისას პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომლებიც აქტივობებში ბენეფიციარების (ხანდაზმულები, ქორნიკული დაავადებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სოფლად და შორეულ თემებში/რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები) მაქისმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:

  • ინფრასტრუქტურული ხარჯები;
  • ჰუმანიტარული აქტივობები;
  • სხვადასხვა და გაუთვალისწინებელი ხარჯები;
  • წარმომადგენლობითი ხარჯი, როგორიცაა მაგ: ალკოჰოლის შეძენა და სხვა.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა მინიმუმ 3 გრანტი. GCSD-ის მიერ გაცემული ერთი გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 15,000 ლარს პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 თვემდე.  ერთ ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა ითვალისწინებდეს დღგ-ს.

წარსადგენი დოკუმენტაცია

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ:

საპროექტო განაცხადი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს და მოიცავდეს შემდეგს:

  • პროექტის რეზიუმე (მაქსიმუმ 1 გვერდი);
  • ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (მაქსიმუმ 2 გვერდი);
  • პროექტის განხორციელების მეთოდოლოგია, აქტივობები (1 გვერდი);
  • სამიზნე აუდიტორია წარმოდგენილი რაოდენობრივ მონაცემებში ( ნახევარი გვერდი);
  • პროექტის საკომუნიკაციო გეგმა (1 გვერდი);
  • პროექტით გათვალისწინებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის აღწერა (არსებობის შემთხვევაში);
  • პროექტის სამოქმედო გეგმა;
  • ბიუჯეტი: იხილეთ თანდართული ფორმა (ბიუჯეტი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს);
  • პროექტის განმახორციელები გუნდის რეზიუმე.

 განაცხადები მიიღება 2022 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge

GCSD იტოვებს უფლებას, მოიწონოს ან უარი თქვას ნებისმიერ შემოტანილ განაცხადზე. ასევე, მოითხოვოს განაცხადის შემომტანისგან განმარტებები და დამატებითი დოკუმენტები. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, აპლიკანტებს წერილობით ეცნობებათ მათ მიერ შემოტანილ განაცხადთან დაკავშირებული განაწყვეტილება.

 

შეფასების კრიტერიუმები

პროცენტული წილი

(100%)

ორგანიზაციის გამოცდილება და გუნდის კვალიფიკაცია

20%

მიზნების შესაბამისობა, მეთოდოლოგია და აქტივობები

40%

კომუნიკაციის გეგმა

20%

თანამშრომლობის გეგმა ადგილობრივ აქტორებთან

15%

ბიუჯეტის ხარჯთ-ეფექტურობა

5%

 

მიმაგრებული ფაილები