სიახლე

ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის “უკეთ გავიცნოთ ნატო” ფარგლებში, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით, სამდღიანი სასწავლო კურსი - “ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის” ჩატარდა.

კურსის პირველ დღეს, ელჩმა ალექსი პეტრიაშვილმა მონაწილეებს ნატოს ორგანიზაციის ისტორია, ამოცანები და მიზნები გააცნო. ონლაინ სესიის საშუალებით, მონაწილეებს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ამჟამინდელ პოლიტიკურ დღის წესრიგსა და ნატოს მიდგომებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ნატოს სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლები, პროგრამებისა და პოლიტიკის ოფიცრები - ტომას მორინ-რობინსონი და ლარისა ლაცკო ესაუბრნენ. 

ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეპტის შესახებ, თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, ნათია გვენეტაძემ და საქართცელოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის უფროსმა ექსპერტმა, გიორგი გოგუაძემ ისაუბრეს. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, სასწავლო კურსის მეორე დღეს სტუდენტებს ჰქონდათ ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში.

ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ, მონაწილეებს JTEC-ის ისტორია, სტრუქტურა და მისია გააცნო. სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, ჩაერთნენ დისკუსიაში და ჰქონდათ შესაძლებლობა, დაკვირვებოდნენ ცენტრში მიმდინარე სწავლების პროცესს. 

სასწავლო კურსის მესამე დღეს, კრიზისის სიმულაცია გაიმართა, რომელსაც პაპუნა დავითაია უძღვებოდა.  სიმულაციის საშუალებით, სტუდენტები უკეთ გაეცნენ ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და კრიზის-მენეჯმენტს. ამ პრაქტიკული სავარჯიშოს საშუალებით, მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით და გამოიმუშავეს და გაიუმჯობესეს ლიდერობისა და კომუნიკაციის, მოლაპარაკების უნარ-ჩვევები.

კურსს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისმა უმასპინძლა.