ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის “უკეთ გავიცნოთ ნატო - ფაზა II” ფარგლებში, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით, სამდღიანი სასწავლო კურსი - “ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის” ჩატარდა. ღონისძიება, GCSD-ის დირექტორმა მარიამ თოხაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინნიკოვმა და გახსნეს.
კურსის პირველ დღეს, ელჩმა ალექსი პეტრიაშვილმა მონაწილეებს ნატოს ორგანიზაციის ისტორია, ამოცანები და მიზნები გააცნო. ონლაინ სესიის საშუალებით, მონაწილეებს, ნატო-უკრაინის თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ, კიევში ნატოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ვინეტა კლეინმა ისაუბრა. სტუდენტებს, ნატოს მიერ დეზინფორმაციის გამკლავების და ნატოს რუსეთის მიმართ შეკავების პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო ნატოს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის პროგრამების ოფიცერმა - პაულა რედონდომ და საინფორმაციო გარემოს შეფასების ჯგუფის მონაცემთა მეცნიერმა რობინ ელ კადიმ.
ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და ამ მიმართულებით ძირითადი მიღწევები წარადგინა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა, ნათია გვენეტაძემ. პარტნიორ სახელმწიფოებში ნატოს საკონტაქტო საელჩოების როლზე ისაუბრა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მდივანმა ჯონ ლევიტმა. კურსის ფარგლებში, სტუდენტებს კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით ნატოს მიდგომები გააცნო კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ.
თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, სასწავლო კურსის მეორე დღეს სტუდენტებს ჰქონდათ ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში. ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ, მონაწილეებს JTEC-ის ისტორია, სტრუქტურა და მისია გააცნო. სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, ჩაერთნენ დისკუსიაში და ჰქონდათ შესაძლებლობა, დაკვირვებოდნენ ცენტრში მიმდინარე სწავლების პროცესს.
სასწავლო კურსის მესამე დღეს, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ხოლო შემდგომ გაიმართა კრიზისის სიმულაცია, რომელსაც დავით ძიძიშვილი უძღვებოდა. სიმულაციის საშუალებით, სტუდენტები უკეთ გაეცნენ ნატოში გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და კრიზის-მენეჯმენტს. ამ პრაქტიკული სავარჯიშოს საშუალებით, მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით და გაიუმჯობესეს ლიდერობის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები.
კურსს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისმა უმასპინძლა.