სასწავლო ფესტივალები პროექტ SHE’s GREAT!-ის ფარგლებში
თბილისში და ქუთაისში პროექტ SHE’s GREAT!-ის მეორე ფაზის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა პროექტში ჩართული რვა სკოლისათვის - მარნეულის N2, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის, წეროვნის N3, ვალეს N1, თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182-ე საჯარო სკოლის, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2 საჯარო სკოლის, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის სენაკში და ზუგდიდის მუნიციპალიტიეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. 150-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა პრეზენტაციები თავიანთ სკოლებში, პროექტის პირველი და მეორე ფაზის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ, ერთმანეთს გაუზიარა დაგროვებული გამოცდილება, შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები.
პირველი ფაზის განმავლობაში პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ 8 კვირიანი სესიები გენდერული თანასწორობის, ინკლუზიური საზოგადოების და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, პროექტის გუნდის დახმარებით, თითოეული სკოლის კლუბმა შეიმუშვა ახალგაზრდული ინიციატივები, დაგეგმა კონკრეტული აქტივობები და ადგილობრივ თემთან მჭიდრო კომუნიკაციით, მეორე ფაზის განმავლობაში, შეუდგა მათ განხორციელებას. აღნიშნული ინიციატივების ფარგლებში, მონაწილეებმა შექმნეს არაფორმალური განათლების სივრცეები სკოლებში, ჩამოაყალიბეს წიგნის კლუბი, სადაც განიხილავენ ქალი ავტორების მიერ შექმნილ ნაწარმოებებს, ჩაატარეს ადვოკატირების კამპანიები და სხვ. შემაჯამებელი ფესტივალები სწორედ აღნიშნული პროექტების პრეზენტაციას და მათ დეტალურად გაცნობას ისახავდა მიზნად.
SHE’s GREAT! გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული გლობალური პროგრამაა. ის ორგანიზაცია IREX-ის ინიციატივაა, რომელიც ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.