სასწავლო კურსი უსაფრთხოების საკითხების შესახებ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის - GCSD ორგანიზებით, 27-30 ნოემბერს, თბილისში, უსაფრთხოების საკითხების შესახებ სასწავლო კურსი გაიმართა.
კურსი მოიცავდა კონტრტერორიზმთან, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) უსაფრთხოებასთან, კიბერუსაფრთხოებასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებულ თემებს. ღონისძიების მიზანი, თანამედროვე ცვალებადი გამოწვევების და უსაფრთხოების ძირითადი საკითხების შესახებ იმ თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიწოდება იყო, რაც საჯარო მოხელეებს დაეხმარებათ უკეთ განსაზღვრონ თავიანთი როლი როგორც ინსტიტუციური, ისე - პერსონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სასწავლო კურსი შეიმუშავეს და უძღვებოდნენ დარგის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები: როჰან პერერა, პეტა ლოუი, თინათინ აღნიაშვილი და გიორგი გურგენიძე.
კურსში მონაწილეობდნენ: ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების და მონიტორინგის მუდმივმოქმედ უწყებათაშორის კომისიაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები.
სასწავლო კურსი ჩატარდა პროექტის - “მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობების პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, რომელსაც GCSD აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.