ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმის (საბჭო) რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. საბჭო, პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში გასულ წელს შეიქმნა, რომელსაც GCSD, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
ამასთან, შეხვედრაზე, პროგრამის - „ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში გაცემული ქვე გრანტების შესახებ შედგა საუბარი. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი პროექტები წარადგინეს, რის გარშემოც გაიმათა დისკუსია. ყურადღება გამახვილდა ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისთვის განათლების როლზე და მასთან საბრძოლველად ალტერნატიული მიდგომების მნიშვნელობაზე.
საბჭო, წელიწადში ორჯერ იკრიბება და მისი მიზანია, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში, ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, დაგროვილი ცოდნის და პრაქტიკის გაზიარება, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს შორის კოორდინაციის მხარდაჭერა და ამ გზით ეფექტიანი პოლიტიკის ხელშეწყობა.