მართლწესრიგის ოფიცრებს შშმ პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით მართლწესრიგის ოფიცრებს ტრენინგი ჩაუტარდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებით.
ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა: მითები და რეალობა შშმ პირთა შესახებ, ურთიერთობის სტანდარტები, კომუნიკაცია, ეტიკეტი და სხვა. საუბარი შედგა იმ ძირითად გამოწვევებზეც, რომლებსაც შშმ პირები ყოველდღიურად აწყდებიან. ასევე, მართლწესრიგის ოფიცრების ჩართულობაზე, მსგავსი სიტუაციების გამკლავების პროცესში.
ტრენინგის ნაწილი მუნიციპალურ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების სერვისებს დაეთმო, რომლებიც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს დედაქალაქში მცხოვრები შშმ პირებისთვის. ოფიცრებმა მოისმინეს ყველა ძირითადი იფორმაცია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ დაინტერესებული პირების სწორი გადამისამართება. ტრენინგი, ბატონმა გიგა სოფრომაძემ ჩაატარა, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანია.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია აღნიშნული ტრენინგის მეორე ნაწილის ჩატარებაც, სადაც ოფიცრები შეძლებენ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადონ.
GCSD, 2018 წლის შემოდგომიდან „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდის პროექტს“, ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიმართულია 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოღებული მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარებისკენ. კერძოდ, GCSD-ის გუნდი ეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიმართოს ისეთ ეფექტურ საკომუნიკაციო საშუალებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საზოგადოებაში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ცნობადობის ამაღლებასა და ნდობის გაღრმავებას.